ორთოდონტია
ორთოდონტია არის სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც გამოავლენს, შეისწავლის და მკურნალობს კბილთა მწკრივისა და თანკბილვის ანომალიებს. მისი მიზანია კბილების არასწორი მდებარეობის გასწორება და ზედა და ქვედა კბილებს შორის ოპტიმალური კონტაქტის შექმნა.
კბილების მდებარეობის და ყბების თანაფარდობის დარღვევა ვითარდება მრავალი მიზეზის გამო, მაგალითად, მემკვიდრულად და გენეტიკურად განპირობებული ანომალიებით. კბილების ამოჭრის დარღვევა, მავნე ჩვევები (თითის წოვა, მატყუარას წოვა დიდი ხნის განმავლობაში, ტუჩებისა და ენის ხშირად მოკვნეტა) ბავშვებში არასწორი თანკბილვის ხშირი მიზეზია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამედროვე ადამიანის მიერ უპირატესად რბილი საკვების გამოყენების გამო, არასაკმარისად ვითარდება მისი ყბები, მათი ზომა მცირდება, კბილების ფორმა კი ძველებური რჩება, ამიტომ ისინი ხშირად შემჭიდროვებულად დგანან.
ორთოდონტიული მკურნალობა ესაჭიროება ყბების შეთანასოვნების დარღვევების მქონე ბავშვებსა და მოზრდილებს და როდესაც კბილები სხვადასხვა მიმართულებით იზრდება - პირის შიგნით, ენის ან სასის მხარეს, გარეთ, ლოყის მიმართულებით. ფსიქოლოგიური და ესთეტიკური პრობლემების გარდა, თანკბილვის ანომალიები ამძიმებენ ღრძილების დაავადებების მიმდინარეობას, იწვევენ კარიესის პროვოცირებას (რადგან შეუძლებელია კარგი ჰიგიენა) და კბილების სწრაფ ცვეთას. სტატისტიკური მონაცემებით, ამჟამად, ორთოდონტიული მომსახურება ესაჭიროება მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს. ყბა-კბილოვანი ანომალიებს და თანკბილვის დარღვევებს აწესრიგებს ორთოდონტი დამოუკიდებლად ან პაროდონტოლოგთან და ქირურგთან ერთად.
კბილი ძვალთან უძრავად არ არის შეზრდილი. მისი ფესვი კბილბუდეში ფიქსირებულია შემაერთებელი ქსოვილის თხელი ბოჭკოებით. თუ კბილი განიცდის მუდმივ ხანგრძლივ ზეწოლას, ძვლოვანი ქსოვილი ამ ადგილზე გაიწოვება და კბილს უხსნის სივრცეს გადასაადგილებლად. ზეწოლის მპირდაპირე მხარეს კი იჭიმება შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოები და წარმოიქმნება ახალი ძვალი, რომელიც საიმედოდ ამაგრებს კბილს ახალ მდებარეობაში და არ აძლევს საშუალებას დაბრუნდეს პირვანდელ ადგილზე. ეს ბიოლოგიური თვისება მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება.
თანკბილვის გასწორების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ბრეკეტ-სისტემა, რომლითაც მიიღწევა ლამაზი ღიმილი პაციენტის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. საჭიროა მხოლოდ სურვილი და კარგი ჰიგიენა. ბრეკეტების ნაკრები შედგება 20 ცალისგან: 10 მაგრდება ზედა კბილებზე, 10 ქვედაზე. კბილის გადაადგილებისთვის საჭირო ძალისხმევას ბრეკეტს გადასცემს მასში ჩამაგრებული სპეციალური რკალი. რკალი ბრეკეტის გავლით სუსტ, მუდმივ ზეწოლას ახდენს კბილზე, თვეების განმავლობაში, რაც მკურნალობას მაღალეფექტურს ხდის.
ყველა ბრეკეტ-სისტემა იყოფა 2 ჯგუფად: ვესტიბულური (მაგრდება კბილთა მწკრივის გარეთა ზედაპირზე) და ლინგვალური (მაგრდება კბილების შიგნითა ზედაპირზე). ლითონის ბრეკეტები მზადდება უჟანგავი ფოლადისგან, ისინი შედარებით იაფია და უფრო ნაკლები ხახუნის ძალა აქვთ ბრეკეტსა და მჭიმავ რკალს შორის, რაც ხელს უწყობს კბილების უფრო სწრაფ გადაადგილებას. ბრეკეტ-სისტემების ეს ყველაზე ძველი და ნაკლებად ესთეტიკური ვარიანტი დღემდე აქტიურად გამოიყენება და პოზიციებს არ თმობს. პლასტმასის ბრეკეტები ნაკლებ შესამჩნევია, შეიძლება სასურველი ფერის შერჩევა, რომელიც კბილების ფონზე შეუმჩნეველი იქნება. მაგრამ, ისინი ნაკლებად მტკიცეა, რის გამოც ორთოდონტიული მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს. კერამიკული ბრეკეტები ასევე შეირჩევა კბილების ფერის მიხედვით და კარგი სიმტკიცე აქვთ. ისინი არის პოლიკრისტალური და მონოკრისტალური. მონოკრისტალური კბილებზე თითქმის შეუმჩნეველია. ამ ტიპის ბრეკეტებს ამზადებენ საფირონის ხელოვნური კრისტალებისგან და მათი ერთადერთი ნაკლი მაღალი ფასია. საფირონის ბრეკეტები გამჭვირვალე, ესთეტიკური და მტკიცეა.
ყველაზე ძვირია ლინგვალური ბრეკეტები, რომლებიც მაგრდება კბილების შიგნითა ზედაპირზე, რაც მათ პრაქტიკულად უხილავს ხდის. მაგრამ ზოგჯერ, ლინგვალურმა ბრეკეტ-სისტემამ შეიძლება გაახანგრძლივოს და გაართულოს მკურნალობის პროცესი.
No comments:
Post a Comment